მაკრონი: "ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს საკუთარი თავდაცვისა და ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად"
03/03/2022 12:55:43 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპა უფრო დამოუკიდებელი უნდა გახდეს საკუთარი თავდაცვისა და ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად.
მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტმა მთელ კონტინენტზე ვითარება შეცვალა.
როგორც მან აღნიშნა, საფრანგეთმა და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა უნდა განახორციელონ ინვესტიციები რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად და ასევე თავდაცვის კუთხით გაძლიერებისთვის.
„ჩვენ აღარ შეგვიძლია დამოკიდებული ვიყოთ სხვებზე ენერგომიმართულებით. ჩვენ არ შეგვიძლია დამოკიდებულნი ვიყოთ სხვაზე, რომ დაგვიცვას, იქნება ეს ხმელეთზე, ზღვაზე, ზღვის ქვეშ, ჰაერში, კოსმოსში თუ კიბერსივრცეში. ამ მხრივ, ჩვენმა ევროპულმა თავდაცვამ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ", – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, იგი 6 მარტს მოიწვევს ევროპელი ლიდერების სამიტს, რათა განიხილონ, თუ როგორ უნდა უპასუხონ არსებულ "უპრეცედენტო გამოწვევას".
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


