
„რუსი სამხედროები ადგილობრივებს სთხოვენ, ატომურ ელექტროსადგურთან მცირე ხნით მიუშვან, ხელმძღვანელობისთვის ფოტოს გადასაღებად"
03/03/2022 10:16:59 ევროპა
2 მარტს ცნობილი გახდა, რომ ენერგოდარში, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურია განთავსებული, რუსი ჯარისკაცები ქალაქში არ შეუშვეს: ქალაქის მშვიდობიანმა მოსახლეობამ მათ გზა გადაუღობა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურამდე მისვლის შესაძლებლობა არ მისცა.
როგორც ადგილობრივი ჟურნალისტი იუწყება, ქალაქი ამჟამად თავდაცვის მოლოდინშია, მომარაგებული აქვთ პროდუქტები, არ შეინიშნება პანიკა და მზად არიან ქალაქის დასაცავად.
ამასთან, დღეს ცნობილი გახდა რუს ჯარისკაცებთან კომუნიკაციის შესახებ. კერძოდ, როგორც იუწყებიან, სამხედროებმა მოქალაქეებს სთხოვეს, მცირე ხნით მიეცათ ქალაქში შესვლის შესაძლებლობა, რათა ატომური ელექტროსადგურის ფონზე ფოტოები გადაეღოთ ხელმძღვანელობისთვის მისაწოდებლად. შესაბამისი ინფორმაცია ელექტროსადგურის ხელმძღვანელმა პიოტრ კოტინმა გაავრცელა.
„დღეს ასეთი ვითარებაა: რუსი დამპყრობლები დგანან ბლოკპოსტთან [სადაც მოქალაქეებმა გააჩერეს] და ქალაქის ხელმძღვანელობასთან ცდილობენ მოლაპარაკებებს. ისინი ამბობენ, რომ ხელმძღვანელობისგან აქვთ დავალება, დაიკავონ ენერგოდარი და ზაპოროჟსკაიას ატომური ელექტროსადგური. ამბობენ, რომ სურთ, უბრალოდ შევიდნენ ქალაქში, გადაიღონ სურათი ატომური ელექტროსადგურის ფონზე და შესაბამისი ანგარიში გაუგზავნონ ხელმძღვანელობას – რუსეთის არმიის სამინისტროს პროპაგანდისთვის, რომ აკონტროლებენ სადგურს და თითქოს, შემდეგ დატოვებენ ჩვენს ობიექტებს“ და დასძინა, „ატომური ელექტროსადგური სათამაშო არაა. ოკუპანტები არღვევენ ყველა შეთანხმებას და კონვენციას ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩაგდების მცდელობით“.