კიევი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილებში "ჰუმანიტარული დერეფნების" შექმნას ითხოვს: "გვჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო–ს აქტიური დახმარება"
03/03/2022 07:46:07 მსოფლიო
კიევი ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილებში "ჰუმანიტარული დერეფნების" შექმნას ითხოვს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ „ჰუმანიტარული დერეფნები“ უნდა შეიქმნას ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილებში, რათა საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული დახმარებამ ამ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობამდე მიაღწიოს.
იგი ასევე ადანაშაულებს რუსულ ძალებს იმაში, რომ მათ დაქვემდებარებული უკრაინული ტერიტორიები "ძარცვისა და მკვლელობის ადგილებად" იქცა.
"გვჭირდება საკვები, მედიკამენტები, სასწრაფო დახმარება, ევაკუაცია. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო–ს აქტიური დახმარება", – აცხადებს პოდოლიაკი.
ცნობისთვის: გუშინ რუსულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ ხერსონზე, რომელიც უკრაინის სამხრეთში მდებარეობს. ინფორმაციას ადგილობრივი ოფიციალური პირები ადასტურებენ.
ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსული ძალების მიერ მძიმე დაბომბვის მიუხედავად, ქალაქები ხარკოვი, ჩერნიგოვი და მარიუპოლი ამ დრომდე უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს


