მსოფლიო ბანკმა რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა შეაჩერა
03/03/2022 05:37:20 მსოფლიო
მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ რუსეთსა და ბელარუსში ყველა პროგრამა დაუყოვნებლივ შეაჩერა.
ისინი მიზეზად უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და „უკრაინელი ხალხის მიმართ განხორციელებულ ბოროტებას" ასახელებენ.
მრავალმხრივი განვითარების ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთიდან 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ მათ არცერთი ახალი სესხი ან რუსეთში ინვესტიციის განაცხადი არ დაუდასტურებია.
მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ ბელარუსისთვისაც აღარ მიუცია სესხები 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანას სანქციები დაუწესა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


