პენტაგონის მონაცემებით, ასობით რუსული ჯავშანმანქანა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, ამჟამად გაჩერებულია
03/03/2022 05:28:39 მსოფლიო
ასობით რუსული ჯავშანმანქანა, რომელიც კიევისკენ მიემართებოდა, ამჟამად გზაზეა გაჩერებული, - ამის შესახებ პენტაგონის პრეს–სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
"ჩვენი მონაცემებით, 24-დან 36 საათამდე მნიშვნელოვანი წინსვლა არ განუხორციელებიათ. შეფერხება შეიძლება გამოწვეული იყოს ძალების გადაჯგუფებით, ლოგისტიკური პრობლემებით ან სიტუაციის ხელახლა შეფასებით. უკრაინელების წინააღმდეგობა ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია", – განაცხადა მან.
BBC წერს, რომ დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯარისკაცებს საწვავი და საკვები ეწურებათ. უკრაინის იმ რეგიონების ოფიციალური პირები, რომლებიც რუსულმა ძალებმა ხელში ჩაიგდეს, აცხადებენ, რომ ჯარისკაცები ანადგურებენ სუპერმარკეტებს საკვების მისაღებად და რომ ხელმძღვანელობის მიერ მათთვის მიწოდებული საკვება ვადაგასულია.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


