თეთრი სახლი: "რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებისთვის ახლა მზად არ ვართ"
02/03/2022 19:42:33 მსოფლიო
თეთრი სახლში აცხადებენ, რომ აშშ რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესებისთვის ახლა მზად არ არის.
"მოლაპარაკების მაგიდაზე ყველაფერი დევს, მათ შორის შორის სანქციები რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის მიმართ, თუმცა ეს არ არის ის, რისი გაკეთებისთვისაც ახლა მზად ვართ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის უფროსმა მრჩეველმა სედრიკ რიჩმონდმ.
მისი თქმით, ახლა რუსულ ნავთობსა და გაზზე სანქციების დაწესება ამერიკელებზე ძალიან მტკივნეულად აისახება.
„როდესაც ნავთობზე საუბრობთ, თქვენ საუბრობთ ამერიკელებისთვის აქ, სახლში ტკივილის გაძლიერებაზე, გაზის ფასის ზრდაზე და ყოველდღიური ხარჯების ზრდაზე. ეს არის საკითხი რასაც ნამდვილად ვითვალისწინებთ. ეს არ არის ის, რისთვისაც ჩვენ ახლა მზად არ ვართ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ძალიან მკაფიო იყო, როდესაც თქვა, რომ ყველაფერი მაგიდაზეა და იგი არ არის მზად მაგიდიდან რაიმეს წასაღებად“, - განუცხადა რიჩმონდმა CNN-ის ჟურნალისტს.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


