"ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის, ჩვენ ამ საკითხს ყურადღებით ვაკვირდებით"
02/03/2022 18:18:34 მსოფლიო
აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი განზრახ უმიზნებს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას, თუმცა აღნიშნა, რომ "ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის".
"აშკარაა, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა", – აღნიშნა ბაიდენმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მას, რომ რუსეთი ომის დანაშაულებს სჩადის, ბაიდენმა შემდეგი განაცხადა:
„ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჯერ ნაადრევია ამის თქმა".
აღსანიშნავია, რომ გაერო–ში აშშ–ის ელჩი ლინდა თომას-გრინფილდი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში ისეთ საბრძოლო იარაღს იყენებს, რაც ჟენევის კონვენციით აკრძალულია.

"ჩვენ ვნახეთ ვიდეო, რომელშიც რუსულს ძალებს განსაკუთრებულად მომაკვდინებელი იარაღი შეაქვთ უკრაინაში. ამ იარაღს ბრძოლის ველზე არაფერი ესაქმება, მათ შორისაა კასეტური საბრძოლო მასალები და ვაკუუმური ბომბები, რომლებიც ჟენევის კონვენციით აკრძალულია. ჩვენ ვნახეთ 40 მილის სიგრძის ლეტალური იარაღით დატვირთული კოლონა. პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ესკალაციას, მან რუსეთის ატომური ძალები მზადყოფნაში მოიყვანა, იგი ემუქრება ფინეთსა და შვედეთში შეჭრით. რუსეთის ქმედებები ყოველ ნაბიჯზე ღალატობს გაერო–ს წესდებებს. რუსეთის ქმედებები ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც გაერო ეფუძნება", – განაცხადა ლინდა თომას-გრინფილდმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


