ვინ არ დაუჭირა მხარი უკრაინაზე თავდასხმისთვის რუსეთის წინააღმდეგ გაერო–ში მიღებულ რეზოლუციას
02/03/2022 17:37:02 მსოფლიო
გაეროს გენერალური ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც დაგმობილია რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
ორგანიზაცია მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალა უკრაინიდან.
„გენერალური ასამბლეა მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ და თავი შეიკავოს უკანონო მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან გაეროს რომელიმე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ“,– ნათქვამია დოკუმენტში.
- რეზოლუცია გმობს რუსეთის ფედერაციის 21 თებერვლის გადაწყვეტილებას უკრაინის რეგიონების „სახელმწიფოებად“ აღიარების თაობაზე, რომელიც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება გაეროს წესდების პრინციპებს;
- გენერალური ასამბლეა მოითხოვს რუსეთისგან, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გააუქმოს გადაწყვეტილება უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სტატუსის შესახებ.
94 ქვეყნის თანასპონსორობით გატანილ რეზოლუციას მხარი 141–მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 5, თავი შეიკავა 35–მა.
რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა თავად რუსეთმა, ასევე სირიამ, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ და ერითრეა.
საქართველომ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.



