ლავროვმა უკრაინაში ომის წამოწყების ახალ მიზანზე ისაუბრა
02/03/2022 16:38:19 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ „სპეციალური ოპერაციის“ მიზანია „კონკრეტული ტიპის დამრტყმელი იარაღის იდენტიფიცირება, რომელიც იქ არასოდეს განლაგდება“,– იუწყება რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ „სერგეი ლავროვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რუსეთისგან უსაფრთხოების გარანტიების მიღების სურვილის შესახებ, პოზიტიურ ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა, განიხილოს ეს საკითხი უკრაინასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე“.
მან კვლავ გაიმეორა კრემლის პროპაგანდისტული ნარატივი, რომ უკრაინამ „უნდა გაიაროს დენაციფიკაციის პროცედურა, როგორც ეს გერმანიამ წარსულში გააკეთა“.
მანამდე კრემლში აცხადებდნენ, რომ მიზანი იყო უკრაინის „დემილიტარიზაცია, ნეიტრალიტეტი, დენაციფიკაცია“ და ასევე მოითხოვდნენ კიევისგან, ანექსირებულ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას.
23 თებერვალს, უკრაინაში რუსული ჯარების შეჭრის წინა დღეს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის რუსეთისგან. ეს წინადადება ლავროვმა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეშვიდე დღეს გაიხსენა.
შეგახსენებთ, რომ მეშვიდე დღეა, უკრაინა რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას იგერიებს. რუსეთი ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, გამოიყენა აკრძალული იარაღიც.
შეგახსენებთ იმასაც, რომ როგორც რუსულმა მხარემ დააანონსა, დღეს უკრაინულ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაელოდებიან, თუმცა ზუსტი დრო და ადგილი უცნობია.


