რეპრესიების მორიგი ტალღა რუსეთში: ქვეყანას დამოუკიდებელი ჟურნალისტები ტოვებენ
02/03/2022 16:19:24 მსოფლიო
რუსული კრიტიკული ტელეარხ ДО́ЖДЬ–ის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ დზიადკომ რუსეთი დატოვა.
დზიადკო ამბობს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მისმა რიგმა კოლეგამაც მიიღო:
„ДО́ЖДЬ–ის ვებსაიტის, ДО́ЖДЬ–ის სოციალური მედიის ანგარიშების უკანონო დაბლოკვისა და ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ მუქარის შემდეგ, ცხადია, რომ ზოგიერთი ჩვენგანის პირადი უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. ჩვენ გავასაჩივრებთ ДО́ЖДЬ–თან დაკავშირებით მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას და გავაგრძელებთ მუშაობას ნაწილობრივ დისტანციურად. რუსეთის ფედერაციის ყველაზე დრაკონული კანონი ჩვენი ჟურნალისტების მიერ არ დარღვეულა და ამიტომ, დაბლოკვის საფუძველი არ არსებობს. სხვა ქვეყნიდან მაუწყებლობა არ იგეგმება“.
რუსეთში ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს „ეხო მოსკვის“ წინააღმდეგაც.
მანამდე რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „ეხო მოსკვის“ და ДО́ЖДЬ–ის საინფორმაციო რესურსებზე წვდომის შეზღუდვა მოითხოვა, შეიცავდა რა, მათი განმარტებით, „ძალადობის მოწოდებას, ასევე მოწოდებას აქციებში მონაწილეობისკენ და შეგნებულ ცრუ ინფორმაციას".
ცნობისთვის: ორივე მედიასაშუალება პლატფორმა იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებისთვის ავტორიტარული რეჟიმის პირობებში. ДО́ЖДЬ ინტენსიურად გადასცემდა ინფორმაციას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.


