
კულება: "რუსეთმა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად სამი ქვეყანა აღმოაჩინა"
02/03/2022 14:45:18 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთი ცდილობს, უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო დაწესებული სანქციებისთვის გევრდის ასავლელად სხვა გზები იპოვოს.
როგორც მინისტრმა 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, საუბარია სამ ქვეყანაზე, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ, დაეხმარონ რუსეთს.
„ვიცით, რომ მოსკოვი პანიკაშია. ახლა დაიწყო გზების ძებნა, გვერდი აუაროს სანქციების ტალღას. მან შეძლო, მსოფლიოს მასშტაბით სამი ქვეყნის მოძებნა. ვიცით ამ ქვეყნების შესახებ და მათთან ვმუშაობთ. პარტნიორებთან მოვილაპარაკებთ, რათა თავიდან ავიცილოთ აგრესორის დახმარება“, - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
მსოფლიოს რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.