"დასავლეთი ამ დრომდე ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინაში ევროპული ომი მიმდინარეობს"
02/03/2022 14:08:35 მსოფლიო
"დასავლეთი ამ დრომდე ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინაში ევროპული ომი მიმდინარეობს", – ამის შესახებ ლიეტუვას ყოფილი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე აცხადებს.
მისი თქმით, ომის შეჩერება მხოლოდ უკვე დაწყებულ ომს შეუძლია
"როგორი სანქციებიც არ უნდა იყოს, ეს პუტინს ვერ შეაჩერებს. ისინი საჭიროა, მაგრამ ისეთი გამონაკლისების გარეშე, როგორსაც ახლა SWIFT-იდან ჩახსნაზე, ენერგოსექტორსა და მის მომსახურე ბანკებზე ვხედავთ. ომის შეჩერება მხოლოდ უკვე დაწყებულ ომს შეუძლია. არაა საჭირო თავის მოკატუნება და ჩვენი სინდისის დამშვიდება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით. ეს უკვე ძალიან დაგვიანებულია. უკრაინელი ხალხი ომში ჩვენთვის იბრძვის და პუტინის სიგიჟისგან ჩვენ უკრაინელი ბავშვები გვიცავენ. იმის გამეორება, რომ NATO-ს უკრაინის დახმარება არ შეუძლია, უკვე პათეტიკურად ჟღერს და აჩვენებს, როგორი მხდალია დასავლეთი. ამას პუტინიც ხედავს. დასავლეთი სწრაფად სწავლობს, მაგრამ ამ დრომდე ვერ აცნობიერებს, რომ უკრაინაში ევროპული ომი მიმდინარეობს. ან მიიღებ მონაწილეობას ამ ომში და აგრესორის წინააღმდეგ იბრძოლებ, ან გვერდით დგომით და უკრაინის და უკრაინელების განადგურების ყურებით ომის თანამზრახველი ხდები. დიახ, თანამზრახველი. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინს უკრაინაში, ომში ბრძოლა მაინც მოგვიწევს, მაგრამ ჩვენს ქვეყნებში. მრცხვენია, როცა მესმის NATO-ს ლიდერები და ოფიციალური პირები ჩურჩულით როგორ იმეორებენ, რომ "კონფლიქტში ვერ ჩაერევიან". მაგრამ ეს არ გავაკეთეთ სირიაში, ლიბიაში, იუგოსლავიაში და ავღანეთში?! დღეს, უკრაინა თავისი ერის გადასარჩენად და ევროპაში სიმშვიდისთვის იბრძვის. ჩვენ ვაპირებთ, ვუყუროთ, როგორ ნადგურდება დამოუკიდებელი სახელმწიფო? დიდება უკრაინას! დიდება მის გმირებს და ჯერ–ჯერობით მხოლოდ მის გმირებს, რადგან ჰორიზონტზე სხვა არავინ ჩანს", – აცხადებს გრიბაუსკაიტე.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
მსოფლიოს რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


