რეზნიკოვი: "თურქული Bayraktar-ების ახალი პარტია უკვე უკრაინაშია"
02/03/2022 13:51:21 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, თურქული უპილოტო საფრენი აპარატების Bayraktar-ების ახალი პარტია უკვე უკრაინაშია და საბრძოლო მზადყოფნაშია.
„უკრაინაში Bayraktar–ების ახალი პარტია უკვე ჩამოვიდა და საბრძოლო მზადყოფნაშია. იქნება მეტი „სტინგერი“, მეტი „ჯაველინი“,- წერს რეზნიკოვი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ევროპა უკრაინას აწვდის ყველაფერს, რაც თავდაცვისთვის სჭირდება.
„ჩვენ თავისუფალი სამყაროს ფრონტის ხაზზე ვართ", – დასძენს რეზნიკოვი.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
მსოფლიოს რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


