Accentnews.ge
უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახური: "ქვეყანაში რუსეთის შემოჭრას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა"

უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახური: "ქვეყანაში რუსეთის შემოჭრას 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა"

02/03/2022 13:06:47 მსოფლიო

უკრაინის სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში რუსეთის შემოჭრას ამ დროისთვის 2000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

მისივე ცნობით, განადგურდა ასობით სტრუქტურა, მათ შორის – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სახლები.

"ბავშვები, ქალები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ყოველ საათში იღუპებიან", – აცხადებს უწყება.

მონაცემები გაავრცელა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმაც:

„უკვე 160 საათია, უკრაინელი ხალხი თავს იცავს რუსეთისა და ბელარუსის მზაკვრული და ცინიკური თავდასხმისგან. შვიდი დღის განმავლობაში რუსებმა გაანადგურეს ათასობით ობიექტი: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები. ამ დროის განმავლობაში უკვე დაიღუპა 2000–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, გარდა ჩვენი დამცელებისა“.

განცხადების მიხედვით, ამჟამად საგანგებო სიტუაციების ძალისხმევა უკრაინელების გადარჩენაზეა ორიენტირებული:

„მათ მოახერხეს, გადაერჩინათ 150–ზე მეტი ადამიანი, მოახდინეს დაბომბვით გამოწვეული 400–ზე მეტი ხანძრის ლიკვიდირება, განახორციელეს 500–ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. პიროტექნიკოსებმა 416 ასაფეთქებელი ნივთი გაანეიტრალეს“.

უწყება აღნიშნავს, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას 10 მაშველი დაიღუპა, 13 დაშავდა.

მათივე ცნობით, დახმარებას პოლონეთი უწევს:

„დღეისათვის უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში შვიდი ერთეული თანამედროვე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაცემის პროცესი დასრულებულია“.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S