პესკოვი: "უკრაინის საზღვრებზე პუტინის მოსაზრება სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არ ეხება"
02/03/2022 12:42:07 მსოფლიო
"პრეზიდენტ პუტინის მოსაზრება საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დადგენილი უკრაინის საზღვრების შესახებ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს არ ეხება", – ამის შესახებ კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
თუმცა მან უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების კითხვაზე, რა განსხვავება აქვს რუსეთის პრეზიდენტისთვის იმას, როგორ იყო განსაზღვრული უკრაინის და მაგალითად, ყაზახეთის საზღვრები.
„სურვილის მიუხედავად, ვერ შევძლებთ თქვენთან გავშალოთ ისტორიული სადისკუსიო მოედანი. იმედი მაქვს, რომელიმე მომდევნო პრესკონფერენციაზე, პრესასთან პრეზიდენტის ურთიერთობისას გექნებათ ამ დამატებითი შეკითხვების დასმის შესაძლებლობა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ თანამედროვე საზღვრებში არსებული უკრაინა არის „ისტორიული რუსეთის მიწების ხარჯზე შექმნილი საბჭოთა ეპოქის პირმშო“.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


