ევროკავშირი ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებს
02/03/2022 11:31:03 მსოფლიო
ბელარუსის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას ემხრობა, ევროკავშირის დიპლომატებმა ახალი სანქციების შემოღებას დაუჭირეს მხარი, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს საფრანგეთი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა.
სანქციები შეეხება ზოგიერთ ეკონომიკურ სექტორს, განსაკუთრებით ხე-ტყეს, ფოლადსა და კალიუმს.
მანამდე ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინსკის წინააღმდეგ ახალი სანქციების ერთ-ერთი მიზანი ბელარუსული საქონლის ევროკავშირში შემდგომი ექსპორტის შეჩერებაა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


