რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა არარეზიდენტებს ქვეყნიდან თვეში 5 ათას დოლარზე მეტის გატანა აუკრძალა
02/03/2022 10:57:45 მსოფლიო
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა არარეზიდენტებს (დსთ-ის ქვეყნების გარდა) ქვეყნიდან თვეში ანგარიშის გაუხსნელად 5 ათას დოლარზე მეტი თანხის გატანა აუკრძალა.
ბანკის ხელმძღვანელმა ნაბიულინამ აღიარა, რომ "რუსეთის ეკონომიკა ექსტრემალურ ვითარებას შეეჩეხა".
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა. აღნიშნული შეზღუდვა 21 მარტიდან შევა ძალაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული რუბლი რეკორდულად გაუფასურდა. მოსკოვის ბირჟაზე დოლარისა და ევროს კურსების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. დოლარმა 110 რუბლს მიაღწია, ევრომ 122 რუბლს გადააჭარბა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


