Accentnews.ge
პესკოვი: „ისტერიული რეალობა ჯერ–ჯერობით შეუძლებელს ხდის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაშვებას"

პესკოვი: „ისტერიული რეალობა ჯერ–ჯერობით შეუძლებელს ხდის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაშვებას"

02/03/2022 10:11:13 მსოფლიო

კრემლი აღიარებს, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო მისი საამაყო პროექტის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ ამოქმედება შეუძლებელია.

შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

„ისტერიული რეალობა ჯერ–ჯერობით შეუძლებელს ხდის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაშვებას, მაგრამ პროექტის ინფრასტრუქტურა მზად არის და არსად წავა“, - განუცხადა ჟურნალისტებს პესკოვმა.

მისი თქმით, "ჯანსაღი აზრი და ეკონომიკური მიზანშეწონილობა მიუთითებს, რომ გაზსადენი სწრაფად უნდა ამუშავდეს".

ევროპაში რუსული გაზსადენის ამოქმედებას პრობლემა ჯერ კიდევ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე შეექმნა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც 21 თებერვალს პრეზიდენტმა პუტინმა აღიარა უკრაინის ორი რეგიონის დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა", გერმანიამ შეაჩერა „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ სერტიფიცირების პროცესი.

რუსული მილსადენით, რომლის მშენებლობა დაახლოებით, 11 მილიარდი დოლარი დაჯდა, რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით ბუნებრივი გაზი გერმანიას და კიდევ რამდენიმე ქვეყანას უნდა მიეღო.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S