
როგორ აფასებენ ამერიკელი ექსპერტები თბილისის პოზიციას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს
01/03/2022 10:12:24 პოლიტიკა
ამერიკელი ექსპერტები ეხმიანებიან თბილისის პოზიციას, არ შეუერთდეს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ანალიტიკური საბჭოს ევრაზიული ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ თბილისის გადაწყვეტილება მოსკოვის მიმართ "არგაღიზიანების პოლიტიკის" მაგალითია.
"გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მთავრობა ცდილობდა, გაეგრძელებინა საქართველოს პოლიტიკა ნატო–სა და ევროკავშირში წევრობის ძიების თაობაზე კრემლისთვის გამაღიზიანებელი დამატებითი ნაბიჯების გადადგმის გარეშე. ეს განცხადება ამის მაგალითია", – განუცხადა "აქცენტს" ჰერბსტმა.
თბილისის პოზიციის შეფასებისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსმა დანიელ ფრიდმა "აქცენტს" შემდეგ განუცხადა:
"ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება შენიშნავდა საქართველოს მოქალაქეებს თბილისის ქუჩებში, რომლებიც პუტინის ომს აპროტესტებდნენ".
მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთის წინააღმდეგ შესაჩერებლად რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესეს. როგორც საქართველოს პრემიერ– მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება:
"არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკნომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან, აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებელი, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ“.
აღსანიშნავია, რომ საქართველო უკრაინაში დიპლომატიურ დაწესებულებებს (საელჩო კიევში და საკონსულო ოდესაში) არ კეტავს. ამასთან, საქართველომ ევროსაბჭოში რუსეთის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებას მხარი დაუჭირა. თბილისი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ მკაფიო პოზიციას იკავებს, მათ შორის გაერო–ში. გუშინ საქართველოდან უკრაინაში 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.