Accentnews.ge
«Агентство»: რუსეთის მთავრობა ხისტი სანქციებისთვის მზად არ იყო - არ იცოდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მზადების შესახებ

«Агентство»: რუსეთის მთავრობა ხისტი სანქციებისთვის მზად არ იყო - არ იცოდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მზადების შესახებ

02/03/2022 10:04:13 მსოფლიო

რუსეთის მთავრობის ეკონომიკური ბლოკი და მსხვილი სახელმწიფო კომპანიების უმრავლესობის ხელმძღვანელობები უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის მიერ დაწესებული ხისტი სანქციებისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. მთავრობაში ბევრად რბილი შეზღუდვებისთვის ემზადებოდნენ, რომლებიც, მათი გათვლით, რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების გამო დაუწესდებოდა, მაგრამ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტი უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას გეგმავდა, - იუწყება გამოცემა "Агентство" რუსეთის მთავრობაში თავის წყაროებზე დაყრდნობით.

ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, მან, ისევე, როგორც კოლეგების უმრავლესობამ, არაფერი იცოდა სრულმასშტაბიანი შეჭრის მზადების შესახებ და 24 თებერვალს "შოკში ჩავარდა".

უნდა აღინიშნოს, რომ რუსული გამოცემის საიტზე განთავსებული ამ მასალის ქვეშ კომენტატორთა უმრავლესობა თავის აღშფოთებას გამოხატავს პუტინის მიმართ, თანაც უცენზურო ლექსიკით.

მთელი ბოლო პერიოდი რუს ჩინოსნებს ყველაზე მძიმე შეზღუდვად მსოფლიო საგადახდო-საგადარიცხვო სისტემა SWIFT-ისგან გათიშვა ეჩვენებოდათ, - განუცხადა "Агентство"-ს ერთ-ერთი მსხვილი სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელმა. - აი, ასეთი სცენარისთვის მთავრობაშიც და ჩვენც ნამდვილად ვემზადებოდით, სტრეს-ტესტებს ვატარებდით, მაგრამ მეტზე არავის გვიფიქრია.

"დასავლეთმა გაცილებით ხისტი სანქციები დაგვიწესა, ვიდრე ველოდით, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების ფაქტობრივი გაყინვის ჩათვლით. გარდა ამისა, დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარს ტოვებენ. მსგავსი სანქციების ეფექტი ნამდვილად არავის გაგვითვლია" - გამოუტყდა რუსულ გამოცემას კიდევ ერთი წყარო.

ჩინოსნის ნაამბობის თანახმად, 2014 წლის მარტში, ე.წ. რუსული გაზაფხულის პერიოდში, როდესაც ყირიმის ანექსია განხორციელდა, მთავრობა დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხარკოვის ოლქის რუსეთთან მიერთების შემთხვევისთვის მოსალოდნელ რისკებს თვლიდა და მაშინ ამ ნაბიჯისგან თავი, მათ შორის, იმის გამო შეიკავა, რომ იმჟამინდელი გათვლით, რუსული ეკონომიკა მზად არ იყო.

ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც ჩინოსნები აცხადებენ, ისინი ამ ეტაპზე მუშაობას აგრძელებენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ღალატის ბრალდების წაყენება ემუქრებათ შესაბამისი შედეგებით.

ჟურნალისტი ფარიდა რუსტამოვა კრემლში, მთავრობასა და სახელმწიფო სათათბიროში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს იმასაც, რომ უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების შესახებ პუტინის უახლოესი გარემოცვის გარდა, პრაქტიკულად არავინ იცოდა. უშიშროების საბჭოს 21 თებერვლის სხდომაზეც კი, რომელზეც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების საკითხი იყო გატანილი, პუტინს "პრაქტიკულად არც ერთი მონაწილე" არ გაუფრთხილებია იმის შესახებ, შემდეგ რა მოხდებოდა.

ჟურნალისტის ერთ-ერთი რესპონდენტი ჩინოსნის - "პუტინის ახლო ნაცნობის" ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტს "დღეს გულწრფელად სწამს, რომ დასავლეთმა რუსეთთან "თამაშის წესები" დაამსხვრია". "პუტინს ამ წუთისთვის სერიოზულად სჯერა იმისიც - და ამაში თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის უფროსიც არწმუნებენ, რომ რუსული ჯარი კიევს მალე აიღებს. ეს აბსურდამდე მისული პარანოიაა! " - დასძინა წყარომ.

  • დასავლური სანქციებისგან თავდასაცავად რუსეთის ხელისუფლებამ რუბლის კურსის მხარდაჭეის მიზნით რიგი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის დაავალებულა ექსპორტიორები, ბირჟაზე სავალუტო მოგების 80% გაყიდონ, რეზიდენტებს უცხოურ ბანკებში არსებულ ანგარიშებზე ვალუტის გადარიცხვა აუკრძალა, ასევე აკრძალა უცხოეთში დივიდენდების გადახდა, ცენტრალურმა ბანკმა კი განაკვეთი 20%-მდე გაზარდა.
  • რუსეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მზადდება სხვა საპასუხო ნაბიჯებიც.
  • თავად სანქციების ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო შედეგად უკვე იქცა რუბლის კურსის ვარდნა: ამერიკული დოლარი 100 რუბლზე მეტი ღირს, ევრო - 120 რუბლზე მეტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S