Accentnews.ge
"თურქეთის თხოვნის შედეგად რუსეთმა უარი განაცხადა, გაეგზავნა 4 ხომალდი შავ ზღვაში"

"თურქეთის თხოვნის შედეგად რუსეთმა უარი განაცხადა, გაეგზავნა 4 ხომალდი შავ ზღვაში"

02/03/2022 09:05:24 მსოფლიო

"თურქეთის თხოვნის შედეგად რუსეთმა უარი განაცხადა, გაეგზავნა 4 ხომალდი შავ ზღვაში", ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა და იქვე დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მანამდე, სანამ ანკარა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს დაკეტავდა.

"რუსეთმა მოგვმართა, რომ ხმელთაშუა ზღვაში მყოფი მისი 4 ხომალდი ბოსფორისა და დარდანელის​ სრუტეებს 27-28 თებერვალს გაივლიდა და შავ ზღვაში შევიდოდა. ამ 4 გემიდან 3 შავ ზღვაში არსებულ ბაზებზე რეგისტრირებული არ არის. ჩვენ ვუთხარით რუსეთს, არ გამოეგზავნა ხომალდები და მათგანაც მივიღეთ პასუხი, რომ გემები არ წამოვიდოდნენ. ანკარას გადაწყვეტილება არავის არ უნდა ეწყინოს, რადგან "მონტრეს კონვენცია" ძალაში იყო გუშინაც, დღესაც ძალაშია და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ამ კონვენციის შესაბამისად ვიმოქმედებთ", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის: 27 თებერვალს ანკარამ განაცხადა, რომ "მონტრეს კონვენცია" აამოქმედა.

თურქეთის განცხადებით, ანკარა შეასრულებს „მონტრეს კონვენციის“ დებულებებს, რაც მას საშუალებას მისცემს, შეზღუდოს რუსეთის სამხედრო გემების შესვლა ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში.

„ახლა საქმე აღარ ეხება რამდენიმე საჰაერო დარტყმას, ვითარება უკრაინაში უკვე ოფიციალურად შეიძლება, მიჩნეულ იქნეს ომად. ჩვენ შევასრულებთ "მონტრეს კონვენციას", – აღნიშნა ჩავუშოღლუმ 27 თებერვალს, თუმცა იქვე დასძინა, რომ თურქეთს არ შეუძლია, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გავლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებში ბრუნდებიან.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S