
ევროკავშირი SWIFT-ისგან რამდენიმე რუსულ ბანკს თიშავს
01/03/2022 22:54:10 ევროპა
ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემისგან რამდენიმე რუსული ბანკის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, სიაში, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა დაუჭირეს მხარი, შედიან, კერძოდ, ВТБ, ВЕБ.РФ, «Промсвязьбанк», «Открытие» და «Россия».
ამავდროულად, სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, გადაწყდა, შეზღუდვა ამ ეტაპზე არ გაავრცელონ რუსეთის უმსხვილეს კრედიტორ «Сбербанк»-სა და ნაწილობრივ "გაზპრომის" კუთვნილებაში არსებულ ბანკზე.
SWIFT (Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication) 1973 წელს ჩამოყალიბებული ელექტრონული საგადახდო სისტემაა, რომელსაც მთელს მსოფლიოში ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები იყენებენ. იგი მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 11 000-ზე მეტ საფინანსო დაწესებულებას აერთიანებს. SWIFT-ის სისტემაში ყოველდღიურად 330 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის თანხები ბრუნავს.
SWIFT-ისგან გათიშვას "ბირთვულ საფინანსო იარაღს" ადარებენ.