ერდოღანი – ევროკავშირს: "დააყენებთ თუ არა თურქეთს თქვენს დღის წესრიგში, როდესაც ვინმე თავს ჩვენც დაგვესხმება?"
01/03/2022 19:59:40 მსოფლიო
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ანკარა რომელიც ათწლეულებია, ევროკავშირში გაწვრიანებას ითხოვს, მხარს დაუჭერს ნატო–სა და ევროკავშირის ნებისმიერ გაფართოებას.
მან ევროკავშირს მოუწოდა, გამოიჩინოს "ისეთივე სენსიტიური მიდგომა თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის მიმართ, როგორიც ევროკავშირის წევრობაზე უკრაინის განაცხადის მიმართ გამოიჩინა"."დააყენებთ თუ არა თურქეთს თქვენს დღის წესრიგში, როდესაც ვინმე თავს ჩვენც დაგვესხმება?", – მიმართა ევროკავშირს ერდორანმა.
რუსეთთან ომის პარალელურად უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი გააკეთა. დოკუმენტი სულ რამდენიმე წინადადებისგან შედგება და მასში წერია, რომ უკრაინა, როგორც ევროპული ქვეყანა, იზიარებს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 მუხლში ჩამოთვლილ ღირებულებებს (ადამიანურ ღირსებებს, თავისუფლებას, დემოკრატიას, თანასწორობას, კანონის უზენაესობას, უმცირესობების უფლებებს), ამიტომ აკეთებს განაცხადს გაწევრიანების თაობაზე.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


