ზელენსკი – ბაიდენს: "ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესორი, რაც შეიძლება მალე"
01/03/2022 18:10:07 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა. ორი ქვეყნის ლიდერმა საუბრისას რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს.
"ახლახან მქონდა საუბარი პრეზიდენტ ბაიდენთან. განხილული იყო ამერიკის ხელმძღვანელობის ანტირუსული სანქციები და უკრაინის თავდაცვის დახმარება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ აგრესორი, რაც შეიძლება მალე. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის!",-წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


