"დმიტრო კულებამ ვანგ ისთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა მოუთმენლად ელის, რომ ჩინეთი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაში შუამავლის როლს შეასრულებს"
01/03/2022 15:58:04 მსოფლიო
ორშაბათს თავის უკრაინელ კოლეგასთან დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ მიანიშნა, რომ მისი ქვეყანა მზადაა კონფლიქტში შუამავლობისთვის, – იუწყება The Guardian.
მისივე ცნობით, სატელეფონო საუბარი კიევის თხოვნით გაიმართა.
„კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა, გააძლიეროს კომუნიკაცია ჩინეთთან და მოუთმენლად ელის, რომ პეკინი შუამავლის როლს შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევაში“, - ნათქვამია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პეკინი „უკიდურესად შეშფოთებულია მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის გამო".
"ჩინეთი თვლის, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოება არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე. თუმცა მიუხედავად იმისა, პეკინი მიიჩნევს, რომ რეგიონული უსაფრთხოება არ შეიძლება, განხორციელდეს სამხედრო ჯგუფების გაფართოებით", – განაცხადა, The Guardian–ის ცნობით, ვანგ იმ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


