"დღეს თავისუფლების მოედანზე ათობით ადამიანი დაიღუპა, ესაა თავისუფლების ფასი"
01/03/2022 13:08:34 მსოფლიო
"დღეს დილით ხარკოვის თავისუფლების მოედანს ორი რაკეტა ესროლეს. ათობით ადამიანი დაიღუპა. ესაა თავისუფლების ფასი", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, უკრაინა "მხოლოდ მისი მიწისთვის და მისი თავისუფლებისთვის იბრძვის"
"იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ყველა დიდი ქალაქი ახლა დაბლოკილია, ვერავინ ჩაერევა ჩვენს თავისუფლებაში. დამიჯერეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქის ყველა მოედანს, მიუხედავად იმისა, რა ერქვა, დღეიდან ეწოდება თავისუფლების მოედანი. ვერავინ გაგვტეხს, ჩვენ ძლიერები ვართ, ჩვენ უკრაინელები ვართ", – განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


