
ბრიტანეთის დაზვერვა: "რუსეთს უკრაინის ცაზე კონტროლის დამყარების მცდელობა ჩაეშალა, ამიტომ ოპერაციებს ღამით ატარებს დანაკარგის შესამცირებლად"
01/03/2022 08:15:08 ევროპა
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე დაზვერვის განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.
კერძოდ, მათი ცნობით კიევთან რუსეთის წინსვლა ბოლო 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელო იყო, მიზეზი, სავარაუდოდ, რუსული ჯარის მუდმივი ლოგისტიკური სირთულეებია. ამასთან, რუსულმა ძალებმა გააძლიერეს არტილერიის გამოყენება კიევის ჩრდილოეთით და ხარკოვისა და ჩერნიგოვის სამხრეთით. მძიმე არტილერიას იყენებენ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, რამაც შეიძლება, გაზარდოს მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის:
"რუსეთს ჩაეშალა უკრაინის ცაზე კონტროლის დამყარების მცდელობა, ამიტომ, რუსული ჯარი ოპერაციებს ატარებს ღამით, დანაკარგის შემცირების მიზნით".
გუშინ პენტაგონში განაცხადეს, რომ რუსული ძალის 75%, რომელიც მანამდე უკრაინის საზღვართან იყო თავმოყრილი, ახლა უკრაინის ტერიტორიაზეა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ძალები ცდილობენ, მიუახლოვდნენ კიევს ხმელეთით. ჩვენი შეფასებით, ისინი ქალაქის ცენტრის მიღმა არიან. რაც ნათლად ვიცით, ის არის, რომ აქვთ განზრახვები კიევთან მიმართებით. უკრაინელები საკმაოდ ეფექტურად უწევენ წინააღმდეგობას კიევის ირგვლივ. მათ რუსებს სამხრეთით გადაადგილება გაართულეს“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
ამასთან, კიევის მახლობლად თანამგზავრებმა რუსული ძალის ტექნიკის უზარმაზარი კოლონა დააფიქსირეს.
სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ვინაიდან ბლიცკრიგის იმედი გაქარწყლდა, ახლა რუსების მიზანი კიევის ბლოკადაა.
შეგახსენებთ, რომ მეექვსე დღეა, კიევი რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას იგერიებს. რუსეთმა გამოიყენა აკრძალული იარაღი, რაც ასევე მიიჩნევა სამხედრო დანაშაულად.