რადა: "კრემლი უკრაინაში დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს 50$-ს გადაუხდის"
01/03/2022 08:02:58 მსოფლიო
რუსეთი უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ოჯახებს 11 ათას რუბლს გადაუხდის, რაც დაახლოებით 50$-ია.
ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის რადამ გაავრცელა.
"არსებული კურსით, პუტლერმა თავისი მოქალაქის სიცოცხლე 50 დოლარად შეაფასა. 50 დოლარი ღირს რუსი ოკუპანტის სიცოცხლე". - წერს რადა.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის მხარეს დაღუპულ სამხედროთა რაოდენობამ 5 710-ს მიაღწია, 200 პირი კი ტყვედაა აყვანილი.
ამასთან, უკრაინული მხარის თქმით, 24 თებერვლიდან 1 მარტამდე დააზიანეს ან გაანადგურეს 29 თვითმფრინავი, 29 ვერტმფრენი, 198 ტანკი, 846 ჯავშანტრანსპორტიორი, 77 საარტილერიო სისტემა, 24 საზეინიტო დანადგარი, 60 საწვავის ავზი, 3 უპილოტო საფრენი აპარატი, 2 კატერი, 305 საავტომობილო ტექნიკა.
უწყება განმარტავს, რომ მონაცემები კიდევ ზუსტდება და აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებები ამას ართულებს.
თავად რუსეთმა, რომელიც ამ ხნის განმავლბაში უარყოფდა დანაკარგს, ორი დღის წინ პირველად აღიარა, თუმცა რაოდენობა არ დაუზუსტებია.
უნდა აღინიშნოს, რუსულ კოლონებთან დააფიქსირეს კრემაციის მანქანებიც.


