ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა: "ჩვენც გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი გაჭირვება არაფერია იმასთან შედარებით, რაც უკრაინელებმა გადაიტანეს"
28/02/2022 18:36:40 მსოფლიო
ბრიტანეთი სამი რუსული ბანკის, მათ შორის „რუსეთის ეროვნული განვითარების ბანკის" აქტივებს სრულად გაყინავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრუსმა თემთა პალატაში სიტვით გამოსვლისას განაცხადა.
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბევრად უფრო შორს წავიდეთ. რუსეთის წინააღმდეგ მოქმედების დროა. დიდ ბრიტანეთსა და ჩვენს მოკავშირეებს მოუწევთ გარკვეული ეკონომიკური სიძნელეების გავლა ჩვენი სანქციების შედეგად, მაგრამ ჩვენი გაჭირვება არაფერია იმასთან შედარებით, რაც უკრაინელმა ხალხმა გადაიტანა"
ამასთან, მისი თქმით, სანქციები შეეხება რუსული დროშის ქვეშ მცურავ, რუსეთში რეგისტრირებულ ან რუსეთის საკუთრებაში არსებულ გემებს. ბრიტანულ პორტებს მათი მიღება აეკრძალებათ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


