
საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტებმა ოკუპაციის პრობლემაზე ისაუბრეს
05/09/2019 09:17:39 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და უნგრეთის პრეზიდენტების, სალომე ზურაბიშვილის და იანოშ ადერის შეხვედრა.
იანოშ ადერი უნგრეთის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ პირველი, რის შესახებაც უნგრეთის პრეზიდენტთან ისაუბრა, საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარებაა.
„როგორც ყველგან და როგორც უცხოეთში ჩემი ვიზიტებისას, მთავარი, პირველი თემა იყო ოკუპირებული ტერიტორიები, სიტუაცია საოკუპაციო ხაზზე, დაძაბული ზაფხული, რომელიც გავიარეთ და აუცილებლობა, რომ მივაღწიოთ მშვიდობიან გადაწყვეტას ამ კონფლიქტის, რაც მოითხოვს ყველა ჩვენი პარტნიორის ჩართულობას იმისთვის, რომ მივაღწიოთ მიზანს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან უნგრეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობს 14 უნგრელიც.
„ხაზი გავუსვით იმას, რომ აუცილებელია, ამ მისიამ შეძლოს თავისი სრულყოფილი მანდატის შესრულება, რაც ნიშნავს, მთლიან ტერიტორიაზე ჰქონდეს საშუალება, რომ თავისი ზედამხედველობა მოახდინოს, რაც იყო 2008 წლის ხელშეკრულებაში ჩაწერილი და რომელიც უნდა იყოს შესრულებული” - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ყოველდღიური საზრუნავი უწოდა პრობლემებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ. საქართველოს პრეზიდენტმა კვლავ გაიმეორა, რომ აუცილებელია ჟენევის ფორმატის განახლება და გაძლიერება, რათა დაიწყოს სიტუაციის მოგვარებისა და ესკალაციის მოხსნისკენ მიმართული რეალური მოლაპარაკება.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო აფასებს მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი უნგრეთის მხარდაჭერას ყველა ფორმატით. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, პრეზიდენტი იანოშ ადერი საოკუპაციო ხაზს ესტუმრება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
თავის მხრივ, უნგრეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე. იანოშ ადერის თქმით, უნგრეთი მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, უნგრეთის პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი.