უკრაინის თხოვნით რომან აბრამოვიჩი ბელარუსში მიმდინარე უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე იმყოფება
28/02/2022 12:35:33 მსოფლიო
რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი ბელარუსში მიმდინარე უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებზე იმყოფება. როგორც "ჩელსის" პრეს–სპიკერმა განაცხადა, "აბრამოვიჩს დაუკავშირდა უკრაინული მხარე მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევის მხარდაჭერისთვის და მას შემდეგ იგი ცდილობს, პროცესს დაეხმაროს".
რომან აბრამოვიჩი კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია. იგი იმ 35 რუსი ოლიგარქისა და საჯარო მოხელის სიაშია, რომლებსაც ალექსეი ნავალნის სიით (მაგნიტსკის სიის ანალოგიით) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბერში სანქციები დაუწესა.
უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ამ წუთებში მიმდინარეობს.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


