უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
28/02/2022 11:27:46 მსოფლიო
უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
უკრაინის მხრიდან დელეგაციას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავიდ არახამია ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრებს შორის არიან თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი ტოჩიცკი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რადას დეპუტატი რუსტემ უმეროვი და სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის დელეგაციის წარმომადგენლები.
ამასთან, რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე არიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


