
55 წლის უკრაინელმა ესპანეთში რუსი მაგნატის 7 მილიონი ევროს ღირებულების გემის ჩაძირვა სცადა
28/02/2022 11:07:11 ევროპა
უკრაინელმა მეზღვაურმა ესპანეთში, მალიორკაში 7 მილიონი ევროს ღირებულების იახტის ჩაძირვა სცადა, რომელიც რუს მაგნატს, „როსობორონექსპორტის“ აღმასრულებელ დირექტორს ალექსანდრე მიხეევს ეკუთვნოდა,– იუწყება ესპანური მედია.
სამოქალაქო გვარდიამ 55 წლის ტარას ოსტანჩუკი შაბათს დილით დააკავა მას შემდეგ, რაც კაცმა იახტაზე, რომელზეც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა, რამდენიმე სარქველი გახსნა, რამაც იახტის ნაწილობრივი დატბორვა გამოიწვია.
დაკავებულმა მოსამართლეს უამბო, რომ გადაწყვეტილება ტელევიზიით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ამსახველი კადრების ხილვის შემდეგ მიიღო. კერძოდ, როდესაც ნახა, როგორ გაანადგურა რუსულმა რაკეტამ კიევში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
კაცმა მოსამართლე დაარწმუნა, რომ იძულებული გახდა, მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, რადგან დღეს მაგნატის კორპორაციის იარაღი უკრაინელების წინააღმდეგ გამოიყენება.
როგორც ირკვევა, კაცმა დანარჩენ მეზღვაურებს, რომელთა უმეტესობაც უკრაინელი იყო, მძიმე კადრების ხილვის შემდეგ ბორტის დატოვება სთხოვა და განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, სარქვლების გახსნა დაიწყო. მეზღვაურებმა შეშფოთდნენ, რომ კაცი შეიშალა, მან კი კოლეგებს შეახსენა, რომ თავადაც უკრაინელები არიან, რომ მათ სამშობლოს თავს დაესხნენ და დასძინა, რომ მთელს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.
როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, მეზღვაურმა განაცხადა: „ამ გემის მეპატრონე კრიმინალია, რომელიც იარაღის გაყიდვით მდიდრდება, ახლა კი ისინი უკრაინელებს ხოცავენ“.
მოსამართლემ დაკავებულს არასაპატიმრო ღონისძიება განუსაზღვრა.
„ლედი ანასტასია“ – 48–მეტრიანი გემი 2001 წელსაა აშენებული.