"ნატო–ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის რაკეტებით და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით"
28/02/2022 11:07:05 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, "ალიანსის მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის რაკეტებით და ტანკსაწინააღმდეგო იარაღით".
"მე ახლახან ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და შევაქე იგი უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების სიმამაცისთვის. ნატო–ს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერას საჰაერო თავდაცვის რაკეტებით, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით, ასევე ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარებით", –წერს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


