
ლატვია თავის მოქალაქეებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ჩაწერის ნებას რთავს
28/02/2022 09:29:23 მსოფლიო
ლატვიის პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონში, რომლის თანახმად, ლატვიელებს უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის უფლება ექნებათ.
სააგენტო BNS-ის ცნობით, ლატვიელებს უკრაინულ არმიაში მოხალისეებად ჩაწერა შეეძლებათ. მსურველები ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სარეზერვო ქვედანაყოფში უნდა დარეგისტრირდნენ.
აქამდე, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ არსებული კანონი, ლატვიის მოქალაქეებს, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა, სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოების, საპოლიციო და სხვა შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანებას უკრძალავდა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.