
კიევის ცნობით, მან ბერდიანსკზე კონტროლი დაკარგა, ოკუპირებული შასტიეს ინფრასტრუქტურის 80% განადგურებულია
28/02/2022 06:57:44 ევროპა
კიევის ცნობით, უკრაინამ ბერდიანსკზე კონტროლი დაკარგა.
ბერდიანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის განცხადებით, რაიონი ოკუპირებულია.
პოლიციის განყოფილება დაიშალა, ქალაქის ხელისუფლებამ უარი თქვა დამპყრობლებთან თანამშრომლობაზე.
ქალაქის აღებისას ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი - დაშავდა. გაჩერდა ადგილობრივი ტრანსპორტი.
ამასთან, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ამბობს, რომ ქალაქი შასტიეს 80% განადგურებულია.
როგორც ის ამბობს, ხალხის ევაკუაცია შეუძლებელია, რადგან რუსები სისტემა "გრადიდან" ავტობუსებს ესვრიან.
გაიდაის თქმით, მსგავსი რამ 2014-2015 წლებშიც არ მომხდარა.
"გაეროს კოორდინატორს ვესაუბრე და შევთანხმდით, რომ თუ ევაკუაციასთან დაკავშირებით რაიმე შესაძლებლობა ექნება, ეს გაკეთდება", - ამბობს გაიდაი და ამატებს, რომ ხალხის გაყვანისთვის რუსები კონტაქტზე არ გამოდიან.
მისივე თქმით, რუსი სამხედროები მაროდიორობას ეწევიან - აყაჩაღებენ მაღაზიებს, მიაქვთ პროდუქტები.