გაერო-ს შეხვედრაზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა უკრაინაზე რუსეთის შეტევის გამო ბოდიში მოიხადა
27/02/2022 22:23:34 მსოფლიო
გაერო-ს კლიმატის კონფერენციაზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლეგ ანისიმოვმა ღონისძიების მონაწილეთა წინაშე ბოდიში მოიხადა უკრაინაზე რუსეთის შეტევის გამო. ამის შესახებ AFP შეხვედრაზე დამსწრე რამდენიმე პირის განცხადებებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, ანისიმოვმა სიტყვა ითხოვა უკრაინის წარმომადგენლის ემოციური გამოსვლის შემდეგ და ყველას თანდასწრებით განუცხადა სვეტლანა კრაკოვსკაიას:
"ნება მიბოძეთ, მოგიბოდიშოთ რუსეთის ყველა იმ მოქალაქის სახელით, რომლებმაც ამ კონფლიქტის თავიდან აცილება ვერ შევძელით. ვინც დღეს ხედავს, რა ხდება უკრაინაში, ამ შეტევას ვერანაირ გამართლებას ვერ უძებნის".
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


