უკრაინის შსს: "რუსული დარტყმების შედეგად დაღუპულია 352 სამოქალაქო პირი, მათ შორის 14 ბავშვი"
27/02/2022 21:33:55 მსოფლიო
უკრაინის შს სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შედეგად, საერთო ჯამში, დაღუპულია 352 სამოქალაქო პირი, მათ შორის 14 ბავშვი.
რაც შეეხება დაშავებულებს, მისი ცნობით, რუსული დარტყმების შედეგად 1684 ადამიანი, მათ შორის 116 ბავშვია დაშავებული.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


