თურქეთი განმარტავს, რა შემთხვევაში არ შეუზღუდავს რუსულ ხომალდებს დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებით სარგებლობას
27/02/2022 18:54:28 მსოფლიო
თურქეთის განცხადებით, ანკარა შეასრულებს „მონტრეს კონვენციის“ დებულებებს, რაც მას საშუალებას მისცემს, შეზღუდოს რუსეთის სამხედრო გემების შესვლა ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში.
„ახლა საქმე აღარ ეხება რამდენიმე საჰაერო დარტყმას, ვითარება უკრაინაში უკვე ოფიციალურად შეიძლება, მიჩნეულ იქნეს ომად. ჩვენ შევასრულებთ "მონტრეს კონვენციას", – აღნიშნა ჩავუშოღლუმ, თუმცა იქვე დასძინა, რომ თურქეთს არ შეუძლია, დარდანელისა და ბოსფორის სრუტეების გავლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებში ბრუნდებიან.
შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთთან შეთანხმებას მიაღწია დარდანელისა და ბოსფორის ჩაკეტვის შესახებ. ამ ინფორმაციას აქამდე არ ადასტურებდა თურქეთის მხარე.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


