"დიდად არ მჯერა მოლაპარაკებების შედეგების, მაგრამ მზად ვარ ვცადო"
27/02/2022 17:42:19 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას ბელარუსის საზღვართან უკრაინა-რუსეთის დაგეგმილი მოლაპარაკებების შედეგის "დიდად არ სწამს, თუმცა მზად არის სცადოს".
"გულწრფელად გეტყვით, დიდად არ მჯერა ამ მოლაპარაკებების შედეგების, მაგრამ მზად ვარ ვცადო. ვცადო იმისათვის, რომ მერე, უკრაინის არც ერთმა მოქალაქემ არ იფიქროს, რომ მე, როგორც პრეზიდენტმა არ ვცადე ომის შეჩერება, როცა იყო თუნდაც მცირედი შანსი", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


