რუსეთმა პირველად აღიარა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი, თუმცა მსხვერპლთა რაოდენობაზე კვლავ დუმს
27/02/2022 17:29:17 მსოფლიო
რუსეთმა პირველად აღიარა უკრაინაში რუსი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტი, თუმცა მსხვერპლთა რაოდენობაზე კვლავ დუმს.
"სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს რუს სამხედროებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც ციტირებს საინფორმაციო სააგენტო "TACC".
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაღუპულია 4500 რუსი ჯარისკაცი.
გარდა ამისა, უწყების მონაცემებით, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს რუსების 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი,146 ტანკი, 706 ერთეული ჯავშანტექნიკა, 49 ქვემეხი,1 "Buk"–ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, 4 "Grad"–ის ტიპის მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, 30 სამხედრო მანქანა, 60 ტანკერი, 2 დრონი და 2 ნავი.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


