ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო
27/02/2022 16:58:24 მსოფლიო
ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ამასთან, მან რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა.
როგორც მან აღნიშნა, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, სანქციები ასევე მოიცავს რუსეთისთვის ევროპის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


