
ბელარუსი პოდპოლკოვნიკი – კოლეგებს: „ეს არაა ჩვენი ომი! მხოლოდ სირცხვილს მიიღებთ! მოძებნეთ მიზეზი და არ ჩაერთოთ ამ ბინძურ საქმეში“
27/02/2022 15:10:57 ევროპა
ბელარუსი სამხედრო, თადარიგის პოდპოლკოვნიკი ვალერი სახაშიკი ბელარუს სამხედროებს მიმართავს, რომლებიც ამ მისი თქმით, ამ დროისთვის უკრაინა–ბელარუსის საზღვართან არიან მობილიზებულნი და ვარაუდობს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავენ.
ის მოუწოდებს კოლეგებს, არ მიიღონ მონაწილეობა „ამ ბინძურ საქმეში“, რადგან ეს მათი „ომი არ არის“ და არა „დიდებას, არამედ მხოლოდ სირცხვილს, სისხლს და სიკვდილს“ მიიღებენ.
„მე ვარ „შავი არწივი #1“. დღეს ცხოვრებაში პირველად გადავწყვიტე, ვიდეომიმართვა ჩამეწერა, რადგან ლურჯფორმიანები (რომელსაც მე მთელი ცხოვრება ვატარებდი) უკრაინა–ბელარუსის საზღვართან, ტყეში სხედან და ძალიან ჰგავს, რომ უახლოეს მომავალში გეგმავენ, მონაწილეობა მიიღონ ძალიან ცუდ საქმეში, რომელსაც შესაძლოა, კატასტროფული შედეგები ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის და სამუდამოდ დამარხოს სლავი მებრძოლის ტრადიცია, რომელსაც დესანტების ბევრი თაობა ატარებდა. და როგორც ჩანს, ბევრი მათგანი სამშობლოში ცოცხალი არ დაბრუნდება. ინფორმაციული ომი საშინელი რამაა. პროპაგანდისტებმა ისწავლეს, მარტივად წარმოაჩინონ შავი თეთრად. არ მინდა, პოლიტიკაში ჩავერთო, ის ჩემთვის ყოველთვის უცხო იყო, მაგრამ ნებისმიერ მოაზროვნე ადამიანს უნდა ესმოდეს როგორც მინიმუმ, სამი რამ:
- უკრაინა არასდროს ემუქრებოდა ბელარუსს და არც დღეს ემუქრება;
- არანაირი ნაციონალისტები, ნარკომანები უკრაინის ხელისუფლებაში არ არიან, ხოლო თუ იყვნენ, ისინი დემოკრატიული არჩევნებით აირჩიეს;
- არანაირი მიზეზი, შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, ბელარუსის შეიარაღებული ძალებისთვის არ არსებობს, მით უფრო, რომ ამას მოქმედი კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს.
ეს არ არის ჩვენი ომი! თქვენ არ დაიცავთ თქვენს სამშობლოს, თქვენს სახლს, ოჯახს, თქვენ ვერ მიაღწევთ ამ ომში დიდებას, მხოლოდ სირცხვილს, დამცირებას, სისხლს, სიკვდილს და მთელი ბელარუსი ხალხის მიერ განკვეთას! ძმებო, მოძებნეთ მიზეზი, არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ბინძურ საქმეში“.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ბელარუსის მხრიდანაც განხორციელდა რუსული ძალის შეჭრა, ისროლეს რაკეტებიც. ამასთან უკრაინულ მედია იუწყებოდა, რომ ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალები უკრაინისკენ მიემართებიან და სავარაუდოდ, ქალაქ კიევსა და ჟიტომირში დაეშვებიან.