უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: "დაიღუპა 4500 რუსი ჯარისკაცი, განადგურებულია 146 ტანკი"
27/02/2022 10:40:14 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაღუპულია 4500 რუსი ჯარისკაცი.
გარდა ამისა, უწყების მონაცემებით, უკრაინულმა ძალებმა გაანადგურეს რუსების 27 თვითმფრინავი, 26 ვერტმფრენი,146 ტანკი, 706 ერთეული ჯავშანტექნიკა, 49 ქვემეხი,1 "Buk"–ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემა, 4 "Grad"–ის ტიპის მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, 30 სამხედრო მანქანა, 60 ტანკერი, 2 დრონი და 2 ნავი.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


