
კიევის ცნობით, დედაქალაქს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს, ხარკოვს უკრაინული არმია აკონტროლებს, დაიბრუნეს ირპინიც
27/02/2022 10:21:25 ევროპა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით ქალაქები: კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშაა.
"მტერი ცდილობდა ჩვენს ქალაქებში შეღწევას, თუმცა კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი მთლიანად უკრაინული კონტროლის ქვეშაა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ესვრის, ყველა ჩვენმა ქალაქმა გაუძლო" - აცხადებს უკრაინის შს მინისტრი ვადიმ დენისენკო.
მოგვიანებით ირპინის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა, რომ ქალაქი უკრაინულმა მხარემ დაიბრინა:
"ჩვენ შევინარჩუნეთ ირიპინი. დღეს ირპინი 100%-ით კონტროლდება".
ალექსანდრე მარკუშინის თქმით, რუსული ტანკები ირპინს მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ.
ირპინი უკრაინის დედაქალაქ კიევიდან რამდენიმე კილომეტრშია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინაში ომის მესამე დღის ბოლოს ჯამში მოკლულია 3000-ზე მეტი რუსი სამხედრო, 200-ზე მეტი კი ტყვედ არის აყვანილი.
მათი ცნობით, უკრაინელებმა შეტაკებებისას ჩამოაგდეს 16 რუსული თვითმფრინავი, 18 ვერტმფრენი, გაანადგურეს 102 ტანკი, 20-ზე მეტი სამხედრო მანქანა და 540 სხვადასხვა ტიპის ბრონირებული ტრანსპორტი.
უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყება, რომ საოკუპაციო ძალების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდა ჯარისკაცები არიან, ვინც წინა შეტაკებების შემდეგ სუსტადაა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია.
უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპანტების მთავარი ტაქტიკა პატარა ქალაქებისა და სოფლების დაკავებაა. შეიარაღებული ძალების, ეროვნული დაცვისა და ადგილობრივების წინააღმდეგობის დამსახურებით კი ისინი დიდი ქალაქების დაკავებას ვერ ახერხებენ.
მათი თქმით, მტრის მთავარ მიზნად კიევის აღება რჩება, თუმცა ისინი წარმატებას ვერ აღწევენ. რუსული ძალები მუდმივად არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალს და თავს ესხმიან მშვიდობიანი მოქალაქეებით დასახლებულ ობიექტებს:
„მტრის მთავარი მიზანი უკრაინის დედაქალაქის, კიევის ბლოკადაა. ეს განუხორციელებლად რჩება. მტერი მიმართავს საბოტაჟსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ისინი არ იცავენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის კანონებს, მტერმა დააზიანა ნავთობის ბაზა ვასილკოვში და გაანადგურა გაზსადენი ხარკოვში. ოკუპანტები აგრძელებენ მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობების დაზიანებას".