
ბრიტანეთის თავდაცვა: „რუსული ძალები ვერ აღწევენ „იმ პროგრესს, რაც დაგეგმეს“, ახლა გამოწვევების წინაშე დგანან“
27/02/2022 01:23:59 ევროპა
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსული ძალები "იმ პროგრესს ვერ აღწევენ, რაც დაგეგმეს". ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ,,ტვიტერზე" გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამავე წყაროს ცნობით, რუსეთი ახლა ლოჯისტიკური გამოწვევების წინაშე დგას:
„რუსული ძალები ვერ აღწევენ „იმ პროგრესს, რაც დაგეგმეს“. ისინი ახლა ლოჯისტიკური გამოწვევებისა და უკრაინელების მიერ გაწეული ძლიერი წინააღმდეგობის წინაშე დგანან. რუსული ძალები ზარალდებიან და რამდენიმე რუსი ჯარისკაცი უკრაინულმა ძალებმა ტყვედ აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მთავრობამ შეზღუდა წვდომა რამდენიმე სოციალურ მედია პლატფორმაზე, რათა უკრაინაში არსებული სიტუაციის დეტალები საკუთარი ხალხისგან დაეფარა ".
მეოთხე დღეა, უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას იგერიებს. დღეს კიევზე მასშტაბურ შეტევას ელიან.