
გიორგი ბადაშვილი: "მეც თქვენსავით ზოგჯერ ხმამაღლა ვმსჯელობ და ჩემს მოსაზრებასაც ხმამაღლა გამოვთქვამ და თავისთავად ვფიქრობ ჩემს სამშობლოზეც და მის მომავლზე"
26/02/2022 18:37:18 საზოგადოება
საქართველოს გენპროკურორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი საკუთარ კომენტარს განმარტავს, რადგან, როგორც თავად ამბობს, მას გარკვეული ინტერპრეტაცია მოჰყვა.
„გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოსტის ქვეშ ჩემს მიერ გაკეთებული კომენტარი გარკვეული ინტერპრეტაციების საფუძველი გახდა, მიზანშეწონილად მივიჩნიე, გამოვხმაურებოდი აღნიშნულ ფაქტს. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს და ჩემს მეგობრებს ამ უმძიმეს წუთებში. ის, რაც დღეს მათ სამშობლოში რუსული იმპერიალისტური ხელისუფლების მიერ ხდება, წარმოუდგენელია, არ იწვევდეს ჩემში და ნებისმიერ ადამიანში უდიდეს პროტესტს, მით უფრო, რომ ჩვენმა ქვეყანამ ეს ტრაგედია საკუთარ თავზე იწვნია და დღესაც ჩვენი სამშობლოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩემი კომენტარის კონტექსტი და გამოხმაურება ეხებოდა კონკრეტულ განცხადებას და მე, როგორც ერთმა მოქალაქემ გამოვთქვი ჩემი წუხილი მთელი მსოფლიოს მიმართ, შეიძლება ზედმეტად ემოციურადაც, რადგან ყველას, მთელს კაცობრიობას გვიწევს ყურება ერთი აგრესორი ქვეყანა, საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დარღვევით როგორ ცდილობს მეორე, ევროპის უდიდესი ქვეყნის განადგურებას და ვერავინ მათ შორის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიც ვერ აღუდგნენ წინ ამ აგრესიას. დიახ, როცა ჩვენს თვალწინ ასეთი ტრაგედია ხდება, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები ეწირებიან, მიმაჩნია, რომ საჭიროა მეტად სწრაფი და ქმედითი ღონისძიებების გატარება. ისევე როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვადევნებ თვალს სხვადასხვა ტელეარხს, ბევრს ვფიქრობ და განვიცდი, მეც თქვენსავით ზოგჯერ ხმამაღლა ვმსჯელობ და ჩემს მოსაზრებასაც ხმამაღლა გამოვთქვამ და თავისთავად ვფიქრობ ჩემს სამშობლოზეც და მის მომავლზე. სულ ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა. დიდება გმირებს და მხარდაჭერა უკრაინელ ჯარისკაცებს“,– წერს გენპროკურორის მოადგილე.
მანამდე ბადაშვილმა Facebook კომენტარად დაწერა:
„ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა სიმართლე, ოღონდ ძალიან პირდაპირ და არავის დაუმალია, არც დიპლომატია იყო საჭირო, პრემიერია და ქვეყანაზე ზრუნავს იმისთვის, რომ ხვალ თქვენ, ვინც ახლა პროტესტს გამოთქვამთ, გასაქცევი არ გახდეთ ქვეყნიდან, როგორც უკრაინის მოსახლეობის 90% გაიქცა ლვოვის გავლით პოლონეთში.
რა სანქცია უნდა გამოვიყენოთ, რა უნდა ქნას ქვეყანამ, ღვინო აღარ გაყიდოს, მანდარინი, თუ ფულად გზავნილებზე უნდა თქვას უარი? რატომ გვაქვს ამხელა ამბიცია?
მოდი, დაფიქრდით 3.5-მილიონიან ქვეყანას რა სანქციის თავი გვაქვს და მერე ვილაპარაკოთ. ჩვენც არ მოგვწონს და გვეზიზღება ოკუპანტი რუსეთი, მაგრამ, როცა მთავარი პარტნიორი მხდალი გყავს და უიმედოდ ხარ, შენ თავი ხელში უნდა აიყვანო და ზედმეტი არ წამოგცდეს.
განვიხილოთ მეორე მაგალითი. გამოსულიყო პრემიერი და ეთქვა, დავადებთ რუსეთს სანქციებს, ვაგინებთ დამპყრობელს, იმპერიალისტს, სატანის მოციქულს და ბოლოს და ბოლოს დაწყევლიდა მაინც, რას მივიღებდით? 2 დღეში აღებულ თბილისს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შეშფოთებულებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფილს, დახოცილ სამხედროებს (თქვენზე მაგარ და ვაჟკაც ბიჭებს, ვინც ახლა აქციებს მართავთ მგლოვიარე დედებს) გაგახსენებთ, რომ ჩვენმა სამხედროებმა 5-6 დღე იომეს და უკრაინამ, 45-მილიონიანმა ქვეყანამ, ფაქტობრივად, 3 დღე. თქვენ არცერთს გეტყობათ, თქვენი შვილი ომის წინა ხაზზე არ გაგიშვიათ, არ იცით ეგ სიმწარე, შვილის, ძმის, მამის დაკარგვის, ამიტომ ვერ ხვდებით. გონს მოეგეთ თქვენ ემოციებით ხართ შეპყრობილი, მთავრობა სწორედ მოქმედებს ამ შემთხვევაში და აცადეთ, სანამ რუსული ჩექმა მოგხვდათ ცხვირ-პირში“.