კანადური მაღაზიები რუსულ ალკოჰოლურ სასმელს გაყიდვიდან ამოიღებენ
26/02/2022 07:24:40 მსოფლიო
კანადაში ალკოჰოლის მაღაზიები რუსულ არაყსა და სხვა რუსული წარმოების ალკოჰოლურ სასმელებს აღარ გაყიდიან.
როგორც ცნობილი გახდა, მანიტობისა და ნიუფაუნდლენდის პროვინციებში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები რუსულ სასმელებს გაყიდვიდან ამოიღებენ. ქვეყნის უდიდესმა პროვინციამ ონტარიომ კი ალკოჰოლის კონტროლის საბჭოს მითითება უკვე მისცა, რომ პროვინციაში ყველა რუსული წარმოების პროდუქტი ამოიღონ გაყიდვიდან.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, მხოლოდ ონტარიოში, რუსეთში წარმოებულ ყველა პროდუქტს 679 მაღაზიიდან ამოიღებენ გაყიდვიდან.
„ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის ალკოჰოლის კორპორაციებმა, სხვა ალკოჰოლთა იურისდიქციებმა მთელ კანადაში, გადაწყვიტეს რუსული წარმოშობის პროდუქტები დახლებიდან აიღონ“, - წერს კორპორაცია ტვიტერზე.
კანადამ 2021 წელს რუსეთიდან იმპორტით 4.8 მილიონი დოლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელი შეიძინა. არაყი კანადელ მომხმარებლებს შორის, ვისკის შემდეგ, მეორე ყველაზე პოპულარული სასმელია.


