აშშ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს
25/02/2022 23:10:06 მსოფლიო
აშშ უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა.
"დღეს NATO-ს მოკავშირე ქვეყნების ლიდერებს შევხვდი, რათა განგვეხილა კოლექტიური თავდაცვისა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ერთობლივი ვალდებულება. ჩვენი ერთგულება ალიანსის წესდების მეხუთე მუხლის მიმართ რკინასავით მტკიცეა. მე გავეცი ევროპაში დამატებითი ძალების განლაგების ბრძანება NATO-ს მოკავშირეების მხარდაჭერის მიზნით. ამასთან, მივესალმები NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ამოქმედების გადაწყვეტილებას. დღეს ჩვენ შემოგვიერთდნენ ჩვენი ახლო პარტნიორები: შვედეთი, ფინეთი და ევროკავშირი. პრეზიდენტ პუტინს ჩაეშალა დასავლეთის დაყოფის გეგმა. NATO ისეთივე ერთიანი და მტკიცეა, როგორც ყოველთვის და შეინარჩუნებს "ღია კარის" პოლიტიკას იმ ევროპული სახელმწიფოებისთვის, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს. NATO-ს სამიტის დასრულებისთანავე ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის. მე შევაქე უკრაინელი ხალხის მამაცი ქმედებები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის. მე ასევე აღვუთქვი მას ეკონომიკური, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან" - განაცხადა ბაიდენმა.
25 თებერვალს NATO-ს გადაუდებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ონლაინ ჩატარდა და მას ალიანსის ყველა წევრი ქვეყანა, ასევე ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირის წარმომადგენლობა დაესწრო.


