მოსკოვმა კიევთან მოლაპარაკებების საკითხში პოზიცია შეიცვალა: პუტინი მზადაა, მინსკში მომლაპარაკებლები მიავლინოს
25/02/2022 13:03:37 მსოფლიო
ოფიციალურმა მოსკოვმა კიევთან მოლაპარაკებების საკითხში პოზიცია შეიცვალა: პრეზიდენტი პუტინი მზადაა, მინსკში მომლაპარაკებლები მიავლინოს უკრაინის ხელისუფლებასთან უმაღლეს დონეზე შეხვედრის გასამართად. ამის შესახებ პუტინის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მანამდე "რია ნოვოსტიმ" ჩინეთის საგარეო უწყების ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა პუტინის განცხადება, რომელიც, მისი ინფორმაციით, სი ცზინპინთან სატელეფონო საუბარში გაკეთდა და კიევთან მოლაპარაკებების დასაწყებად მზადყოფნას ეხებოდა.
არადა, დღესვე, დღის პირველ ნახევარში მოსკოვი ზელენსკის "არალეგიტიმურ" ხელისუფლებასთან საუბარს გამორიცხავდა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, "მოლაპარაკებების შანსი თავად ზელენსკიმ გაუშვა ხელიდან - ისაა ამაში დამნაშავე და ახლა მოსკოვი მოლაპარაკებებს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს, რაც უკრაინული ჯარი იარაღს დაყრის".


